დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ფორუმი

სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში'' დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა მიმართეს. შეხვედრაზე განიხილეს დაცული ტერიტორიების სისტემაში მიმდინარე აქტივობების, ასევე მეგობართა ასოციაციების მიერ განხორციელებულ პროექტები და სამომავლო გეგმები. მეგობართა ასოციაცია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების დაცვა/შენარჩუნებაში აქტიური მონაწილეობა, ადგილობრივი თემების ჩართვა დაცული ტერიტორიების მართვაში, გრანტების მოზიდვა და შემეცნებით-საგანმანათლებლო საქმიანობა. 2009 წელს შეიქმნა პირველი სამი მეგობართა ასოციაცია თუშეთის, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებისთვის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სამხრეთ კავკასიის პროგრამული ოფისის (IUCN POSC) პროექტის ფარგლებში. დღესდღეობით, მსგავსი ასოციაცია ცხრა დაცულ ტერიტორიას ჰყავს, რომლებმაც ჯამში დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდეს. აღნიშნული ფორუმი ამ სახით პირველად გაიმართა და მისი ძირითადი მიზანი იყო არსებულ მეგობართა ასოციაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და თანამშრომლობის გაძლიერება. შეხვედრა „დაცული ტერიტორიების პროგრამა კავკასიაში - SPPA“- ს მხარდაჭერით ჩატარდა და მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეგობართა ასოციაციების, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.